საქართველოში გავრცელებული პოპულარული ვაზის თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები
რქაწითელი

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საქართველოს უპირველესი ჯიშია ვენახების ფართობის მიხედვით ფართოდ გავრცელებულია კახეთისა და ქართლის რაიონებში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული, შემაგრებული ღვინოები. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში). ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-8,0გ/ლ-ს.

მწვანე კახური

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია. ევროპული წესით დამზადებული ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ნორმალურალკოჰოლიანი, მაღალჰარმონიული და ხალისიანი, ხილის მდიდარი ტონებით. კახური წესით დამზადებული ღვინო კი უფრო სხეულიანია, ენერგიული, რომელსაც სიძველეში ახასიათებს ნაზი ბუკეტი ხილის ძლიერი არომატით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-7,8 გ/ლ-ს.

ხიხვი

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და გავრცელებულია კახეთის რაიონებში. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ხიხვის ღვინო ღია ჩალისფერია, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული და სასიამოვნო, ნაზი, ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული ღვინო მუქი ჩალისფერია, მეტი სხეულიანი, შინაარსით მდიდარი და მაღალი გემური თვისებების, მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატებით. ხიხვისაგან დამზადებული სადესერტო ღვინო განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, კახეთის ძირითად რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,5 გ/ლ-ს.

ქისი

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს.

ჩინური

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია ქართლიდან და ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ჩინურის ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია მოჩალისფრო შეფერვით, საკმაო სხეულითა და შინაარსით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება მცენარეული და ხილის ტონებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გორის მევენახეობის ზონაში (ტანას ხეობა) ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს.

გორული მწვანე

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გაშენებულია, ძირითადად, ქართლის მევენახეობის რაიონებში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული გორული მწვანის ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და გემოთი. ქართლის მევენახეობის რაიონებში მის ყურძენს იყენებენ როგორც საკუპაჟე მასალას ცქრიალა ღვინის მისაღებად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა ქართლის მევენახეობის რაიონებში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,1-10,0 გ/ლ-ს.

ცოლიკოური

ართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამორჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,5 გ/ლ-ს.

ციცქა

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს, ახასიათებს მცენარეული ტონები. ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საქართველოში მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,9-10,5 გ/ლ-ს.

კრახუნა

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, კარგი გემოთი. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს. ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს განსაკუთრებული მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატითა და ხალისიანი მჟავიანობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5 გ/ლ-ს.

წულუკიძის თეთრა

თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებული რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოხატული არომატი და ნაზი სასიამოვნო გემო ცაცხვის თაფლის სურნელით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0 გ/ლ-ს.

კახური მცვივანი

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში იყო კახეთში, მაგრამ ფილოქსერას გავრცელების შემდეგ მისმა ნარგავებმა მკვეთრად იკლო. დღესდღეობით, პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ჯიშისადმი ინტერესი კვლავ იზრდება და ახლიდან დაიწყო გაშენება კახეთში. კახური მცვივანისაგან დგება მაღალი ხარისხის კახური ტიპის ღვინო.

ბუდეშური თეთრი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით ადგილობრივი მოხმარების საღვინე და სასუფრე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული ბუდეშური თეთრის ღვინო ნაკლებსხეულიანია და შენახვის დაბალი უნარით ხასიათდება. მიზანშეწონილია მისი პროდუქციის გამოყენება კუპაჟში ჩინურსა და გორულ მწვანესთან ერთად, როგორც ხარისხიანი სუფრის, ასევე ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, თავისი გავრცელების ძირითად რაიონებში (მცხეთა, კასპი) ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,5-19,2%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-7,0 გ/ლ-ს.

კაპისტონი თეთრი

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშიაიმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფიდან. ევროპული და იმერული წესით დაყენებული „კაპისტონი თეთრის“ ღვინო ხასიათდება ლამაზი, მიმზიდველი შეფერვით, კარგი სხეულით, სიხალისით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით, რომელსაც ახასიათებს მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, საკმარისი სხეული და მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობა. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შუა და ზემო იმერეთის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,0-10,0 გ/ლ-ს.

კუნძა თეთრი

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს.ძირითადი სახელწოდება „კუნძა“ და ასევე სინონიმი „კუმსა“ მიღებული აქვს მტევნების მეტად კუმსი აგებულების გამო.კუნძას ღვინო მოყვითალო-ჩალისფერი, კარგად დაწმენდილი, საკმაოდ სხეულიანი, კარგად გამოსახული ჯიშური არომატითა და სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება. იგი აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხიანი საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად გამოიყენება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,0გ/ლ-ს.

დონდღლაბი

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. დონდღლაბის რამდენიმე ვარიაციაა ცნობილი: მწვანე დონდღლაბი, თავწითელა დონდღალაბი და მჭკნარა დონდღლაბი. ჩამოთვლილი ვარიაციებიდან პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა მჭკნარა დონდღლაბი. მჭკნარა დონდღლაბი საღვინე ვაზის ჯიშია. ცალკე დაყენებული მისი ღვინო ღია მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ ექსტრაქტული და ჰარმონიულია. მისი გამოყენება შეიძლება ციცქასა და ცოლიკოურთან ერთად კუპაჟში, საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების ღვინოების დასამზადებლად, ხოლო ცალკე - ყურძნის წვენისა და საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, იმერეთის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,6-9,3გ/ლ-ს.

მცვივანი რაჭული

ართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, საკმაო სხეულით, სურნელებითა და კარგი გემოთი. გამოიყენება აგრეთვე მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზემო რაჭის პირობებში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 9,0-10,0 გ/ლ-ს. რაჭული მცვივანის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაჩნდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

მცვივანი რაჭული

ართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, საკმაო სხეულით, სურნელებითა და კარგი გემოთი. გამოიყენება აგრეთვე მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზემო რაჭის პირობებში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 9,0-10,0 გ/ლ-ს. რაჭული მცვივანის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაჩნდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

საკმეველა
ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია. გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5გ/ლ-ს.