საქართველოში გავრცელებული პოპულარული ვაზის წითელყურძნიანი საღვინე ჯიშები
საფერავი

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. წარმოშობით სამხრეთ საქართველოდანაა, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, სადაც საუკეთესო შედეგს იძლევა. გავრცელებულია საფერავი მრგვალმარცვალა და ბუდეშორისებრი, ანუ გრძელმარცვალა – ერთი ჯიშიდან წამოსული ორი სახეობა. ერთმანეთისგან მხოლოდ მარცვლის ფორმით განსხვავდება. სიტყვა "საფერავი” ფერის მიმცემს გულისხმობს. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი კლასიკური და ტრადიციული ტიპის ღვინოები, დაძველების დიდი პოტენციალით. ასევე გამოიყენება ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საფერავი არის ჯიში, რომელსაც მაღალი შაქრიანობა შეუძლია დააგროვოს, შეინარჩუნოს მჟავიანობა. გამოირჩევა საღებავის სიუხვით, ანუ საფერავი, შემფერავი ნივთიერებებით, შესაბამისად, მისგან მუქი შეფერილობის ღვინო დგება. აქვს ძალიან კარგი, დიდი რაოდენობით და ადვილად ექსტრაგირებადი ტანინები. სწორედ ტანინები განასხვავებენ ღვინოს სხვა ჯიშებისაგან. საფერავისგან შეიძლება დავამზადოთ ძლიერი, მაღალმჟავიანი, მაღალი ალკოჰოლის შემცველი, მუქი შეფერილობისა და კარგი ტანიანიანი ღვინო. ტანინებთან და საღებავებთან ერთად საფერავს თავისი ჯიშური, გამორჩეული არომატები გააჩნია, რომლითაც ყოველთვის იცნობა და მის უნიკალურობასაც განაპირობებს. საფერავი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ დიდი პოტენციალის მქონე ვაზის ჯიშად, რომელიც საკმაოდ დიდ ყურადღებას იმსახურებს უცხოელების მხრიდანაც.

ბუდეშური

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ადგილებრივ ჯიშებს შორის ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და ორდინარული პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია აგრეთვე თეთრი ბუდეშურის სახელწოდებით, განსხვავებით `შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას გავრცელებამდე ბუდეშური ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლში, მესხეთში, კახეთსა და გარეკახეთში და ასევე იმერეთშიც. ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად ბუდეშური გაშენებული უნდა იქნას სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ნაკვეთებზე კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობით. ბუდეშური ზამთრის ყინვებს შედარებით კარგად უძლებს. ასევე კარგად ეგუება გვალვებსაც, რამაც ჯიშის ერთ-ერთ დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს. ბუდეშურის ღვინო ნაკლებსხეულიანია და შენახვისა და დაძველების მცირე უნარით ხასიათდება.

ოცხანური საფერე

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ოცხანური საფერე გავრცელებულია ძირითადად იმერეთის მევენახეობის რაიონებში. იგი საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია და უფრო ხშირად საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის და ბაღდათის რაიონებში გვხვდება. იმერეთში გავრცელებულ თითქმის ყველა ნიადაგზე ოცხანური კარგად ვითარდება, მაგრამ მაღალი ღირსების პროდუქციას იგი ნეშომპალა–კარბონატულ, ტყის კარბონატულ და ხირხატიან ნიადაგებზე იძლება. ჯიშის შედარებით მცირე გავრცელება გამოწვეულია ნაგვიანობით მწიფობით და დაბალ არადეფორმირების დროს მცირე მოსავლიანობით. ოცხანურის აფერე იმერულ წითელჯიშებს შორის ნათლად გამოირჩევა ღვინის მაღალი ღირსებით, იგი ყველაზე უკეთესია ღვინის ინტენსიური შეფერვით, სისრულით, სინაზით ჰარმონიული გემოთი და სიხალისით.

შავკაპიტო

ქართლის აბორიგენული ვაზის ჯიში. შავკაპიტო ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სათანადო მოვლის პირობებში შავკაპიტო უხვმოსავლიანია და ჰექტარზე 120-130 ცენტნერს იძლევა. სოკოვან დაავადებათადა ფილოქსერას მიმართ იგი საშუალო გამძლეობით ხასიათდება. ეკოლოგიური პირობებისადმი შავკაპიტო არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. წარმატებით ვითარდება როგორც დავაკებულ, ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობებზე ქვაღორღის შემცველ ნაკვეთებზე და მნიშვნელოვან განვითარებას აღწევს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიქცეულ თიხნარ-ქვიშნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში უხვ მოსავალთან ერთად მიიღება მაღალხარისხოვანი ყურძნის პროდუქცია ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. შავკაპიტოსგან დაყენებული ღვინოები გამოირჩევა მცენარეული და კენკრის ტონებით.

მუჯურეთული

ქართული წითელყურძნიანი, აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიში. ხარობს დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ამბროლაური-ცაგერის რაიონებშიში. ზრდის სიძლიერე საშუალო. სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტია, მაგრამ არის გვალვაგამძლე. აქვს საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და ოვალურ-კვერცხისებური, მუქი იისფერი შეფერილობის მარცვალი. შაქრიანობა 25-30% ,მჟავიანობა 6-7%. მუჯურეთულის პროდუქცია ალექსანდროულთან ერთად კუპაჟში განკუთვნილია მეტად მაღალხარისხოვანი ნახევრად ტკბილი ღვინის ”ხვანჭკარას” დასამზადებლად. ამას გარდა მისგან მზადდება საშუალო და ნახევრად ტკბილი, მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოები.

უსახელაური

წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. ძირითადად გავრცელებულია ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში. გვიანი პერიოდისაა, საკმაოდ მცირე მოსავლიანი. უსახელაური ნამდვილად შეიძლება ვაღიაროთ საქართველოს ყველაზე იშვიათ და ძვირფას ღვინოდ. ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა შეხედულება იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმის მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან. მთლიანად საქართველოში უსახელაურს სულ 60,3 ჰექტარი უჭირავს. ამ ფართობიდან 55,4 ჰექტარი მარტო ცაგერისა და ამბროლაურის რაიონზე მოდის, 3,42 ჰექტარამდე ფართობი უსახელაურს იმერეთში: ქუთაისის და წულუკიძის ტერიტორიებს მიეკუთვნება, ხოლო 1,45 მას საქართველოს სხვა რაიონებში უჭირავს.

ოჯალეში

ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებული სამეგრელოს რაიონში. ძალზედ გვიანი პერიოდისაა. საუკეთესო ოჯალეშის ღვინო დგება მარტვილის რაიონის სოფლებში: სალხინი, თამაკონი, აბედათი. შაქრიანობა მერყეობს 21,2 -დან 24,3 % მდე, მჟავიანობა 7-9 %. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის, მთლიანად გაქრა. ამ დრომდე ოჯალეში გვხვდებოდა მაღლარის სახით. (მეგრულად სიტყვა ,,ოჯალეში,, ,,ხეზე გაზრდილს,, ნიშნავს). მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი დედოფლის დის სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის ევროპული წესით მოშენება და ოჯალეში გადაშენებას და მივიწყებას გადაურჩა. დღესდღეობითაც მარტვილის მონასტერში და დადიანების ძველ მარანში აქტიურად აგრძელებენ ოჯალეშის ვენახების გაშენებას და აღდგენას.

ჩხავერი

ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში. ძირითადად გავრცელებულია გურიის რეგიონში. ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ გეოგრაფიულ ჯგუფს. ძალზედ საგვიანო პერიოდისაა, მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ეს ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი და ძირითადად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა 22 % და ზევით. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი პირველია. მისგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით.

თავკვერი

წითელი აბორიგენული ყურძნის ჯიში. გავრცელებულია ქართლის რაიონში. ზრდის სიძლიერე საშუალო, მოსავლიანობა 70-80, სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს, თუმცა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ადვილად უძლებს ყინვას. აქვს საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევანი და მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავიფერი მარცვალი. საგვიანო პერიოდის ჯიშებს განეკუთვნება, მწიფს დაახლოებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში. შაქრიანობა19-21%, მჟავიანობა 7,5-8,5 %. მისგან ამზადებენ ”თაკვერის” სახელწოდებით ცნობილ წითელ და ვარდისფერ ღვინოებს.

ძელშავი

აბორიგენული, ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. ცუდად იტანს სოკოვან დაავადებებს. აქვს საშუალო ან საშუალოზე დიდი, განიერ-კონუსური მოყვანილობის მტევანი და მსხვილი, მომრგვალო ფორმის, შავ-წითელი ელფერის მქონე მარცვალი. პროდუქტიულობა 80-140ც/ჰა-ზე. ძველშავისგან ამზადებენ ორიგინალურ ღვინოს ,,ძველშავს’’, გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა ცქრიალა, სუფრის და სადესერტო, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. ამას გარდა, მისი და კაბერნეს ფრანგული ჯიშის დამატებით მიიღება შესანიშნავი შუშხუნა ღვინო. ზემო აღნიშნული ჯიშების გარდა კახეთში არის სხვა კიდევ ძალიან ბევრი აბორიგენული ჯიში, რომელიც შეიძლება ისე ფართოდ არ გამოიყენება სამეწარმეო თვალსაზრისით, თუმცა უნიკალურია თავისი ხასიათით და ჯიშური თვისებებით, მაგალითად, მცვივანი, კუმსი, ჩიტისთვალა, ხარისთვალა, ფარჩხა, ღრუბელა, ჩიტისკვერცხა, სიმონასეული, იყალთოს წითელი. ქართლში და მესხეთში: ბუერა, ჭყაპა, ქიშური, ანდრეული, ასურეთული, ღრუბელა, მელიკუდა, მესხური მწვანე და სხვ. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა კახეთში საერთაშორისო ჯიშებიც არის გავრცელებული. ყველაზე მეტად ეს ითქმის ფრანგულ კაბერნე სოვინიონზე. თელიანის მიკრო ზონიდან მიღებული კაბერნედან ადგილწარმოშობის ღვინოც კი მზადდება - ,,თელიანი,,. ასევე გავრცელებულია: შარდონე, სოვინიონ ბლანი,მუსკატი, კაბერნე ფრანი, მალბეკი, მერლო, სირა, რისლინგი, პინო ნუარი რომელიც საქართველოში მე-XX საუკუნის დასაწყიში გავრცელდა. სტანდარტული მაღალხარისხოვანი ჯიშია, უმთავრესად კულტივირებულია შუა ქართლსა და ზემო იმერეთის რაიონებში. არსებობს შავი პინო (პინო ფრანი), ნაცრისფეფერი პინო (პინო გრი), თეთრი (პინო ბლანი) და სხვ. შავი პინოს პროდუქციას ძირითადად ხარისხოვანი შამპანურის საკუპაჟე მასალად იყენებენ.