ისტორია

საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი.

არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს.

კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა.

ნამოსახლარების გათხრებისას აღმოჩენილი საღვინე თიხის ჭურჭლის ნატეხები მიანიშნებს, რომ უკვე ნეოლითის ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მწარმოებლური მეურნეობის არა საწყისი, არამედ უკვე კარგად განვითარებული ეტაპი იყო, რაც მიუთითებს, რომ ვაზის დომესტიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანმა კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან დაიწყო. 
სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრის დროს აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და კულტურული ვაზის მტვერი, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება, ღვინის უნიკალური ჭურჭელი - ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები მიუთითებს, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა.

შულავერ-შომუთეფეს პერიოდის ფაქტებიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ქვევრის ტიპის ჭურჭელი იპყრობს, რომელსაც მეცნიერები ქვევრის წინაპრად მიიჩნევენ. იგი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია ექსპონირებული და მსოფლიოში უძველეს საღვინე ჭურჭლადაა მიჩნეული.

ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“, ანუ „ანგურა“ იყო მიჩნეული. აგუნასთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი თეატრალიზებული სახით გურიაში დღესაც არის შემორჩენილი.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, როდესაც ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა, ვენახმა და ღვინომ საქართველოში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო საქართველოს ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა და დღესაც ბევრ მონასტერშია შემორჩენილი ძველი მარნები. ქართველები ღვინოს წმინდა სასმლად თვლიდნენ და ხშირად წმინდანებსაც სწირავდნენ. წმინდანისთვის და ეკლესიისთვის შეწირულ ღვინოს „ზედაშეს“ უწოდებდნენ.

ენათმეცნიერების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ღვინის" სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან" არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - „ღვ" - წმინდა ქართულია და მრავალ ქართულ სიტყვაში გვხვდება.

საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი Vitis Vinifera Silrestris დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.

ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა _ ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება, განხორციელდა ველური ვაზის გაკულტურება, დამუშავდა ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემები, დაიხვეწა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრება, შემუშავდა ღვინის დაყენების კახური და იმერული ტექნოლოგიები. ღვინომ შეიძინა საკრალური დატვირთვა და გადაიქცა ქართველი ერის ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთ ბაზისად საუკუნეების განმავლობაში.