მარანი

ქვევრის ჩასადები ადგილის შერჩევა ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენაა. როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ თიხა ნარევ, მშრალ ნიადაგს. ქვევრის ჩადება არ არის რეკომენდირებული ისეთ ადგილას, რომლის სიახლოვეს არის გრუნტის წყლები, ნაკადულები, სარწყავი არხები და სხვა. ზედმეტი ნესტის პირობებში, შესაძლებელია ქვევრის მიკროკლიმატის დარჩვევა, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება ღვინოზე.

ისტორიულად საქართველოში რამდენიმე სახის მარანი არსებობს: ღია მარანი, გადახურული განცალკევებული ნაგებობა და მარანი სახლის სარდაფში ან პირველ სართულზე.

ღია მარნები, ანუ ,,ჭურისთავები“ ძირითადად იმერეთშია გავრცელებული, თუმცა მათ შეიძლება შევხვდეთ დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მერვინეობის სხვა რეგიონებშიც.

შედარებით სრულყოფილ ვარიანტში მარნის ნაწილი გადახურულია. აქ ინახება საწნახელი, არყის გამოსახდელი ქვაბი, ჭაჭის წნეხი და სხვა იარაღები.

ცალკე, დამოუკიდებლად მდგომი მარანი ძირითადად ქართლ-კახეთის მხარისთვისაა დამახასიათებელი.

მარნები ხშირად შეიძლება შეგვხვდეს საცხოვრებელი სახლის სარდაფში ან პირველ სართულზე.

მცირე მარნის წარმატებაა ინდივიდუალიზმი, კარგად შემონახული ტრადიციული მეღვინეობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ღვინის კონტროლი და მასთან სიახლოვე.